გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დღეს, 12 იანვარს უკრაინას ეწვევა, სადაც გამოაცხადებს უკრაინისთვის 2.5 მილიარდი ფუნტის (3 მილიარდ დოლარზე მეტი) მორიგი სამხედრო დახმარების შესახებ.
ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, მხარეები ხელს მოაწერენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.
დახმარების პაკეტი მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას და საარტილერიო ჭურვებს. დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი დაიხარჯება უპილოტო საფრენი აპარატების შეძენისა და წარმოებისთვის.
დიდი ბრიტანეთი ასევე უზრუნველყოფს დამატებით დაფინანსებას და რესურსებს უკრაინაში ინგლისური ენის შესასწავლად.
იანვრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმი ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან რიში სუნაკთან და მადლობა გადაუხადა ბრიტანეთს "მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი წვლილისთვის" უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში.