საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია მიესალმება, თუკი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა კანონით ჩარჩოში იქნება მოქცეული“.
დეკანოზი ჯაღმაიძე ან განცხადებით გამოგეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, გამკაცრდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური გრძნობებისა და ნივთების შეურცხყოფისთვის.
„მივესალმებით, რომ რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონით ჩარჩოში მოქცეული და ასე არ იყოს, როგორც ახლა არის - განუკითხაობა. ამის შესახებ ჯერ კიდევ 3 წლის წინ, 2021 წელს, საპატრიარქო ტახტის მესაყდრე, მეუფე შიომ, განაცხდა და თქვა, რომ ეს თუ არ მოხდა, ჩვენ პოლარიზაციას სულ მივიღებთ ქვეყანაში“, - თქვა ჯაღმაიძემ.
დეკანოზ ჯაღმაიძის ამ განცხადების ფონია აქტივისტ ნატა ფერაძის მიერ სამების საკათედრო ტაძარში არსებული მატრონა მოსკოველის ხატის საღებავით შეღებვა, რომელზეც ასევე გამოსახულია საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი.
ჯაღმაიძე ხატისთვის საღებავის შესხმას ვანდალიზმს უწოდებს, თუმცა საპატრიარქო ასევე მოუწოდებს ხატის შემწირველთ, შეცვალონ მასზე სტალინის ეპიზოდი.
საქართველოს საპატრიარქომ 10 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინის ეპიზოდის შეცვლა აუცილებელია - "სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ". საპატრიარქო მიმართავს შემომწირველებს, ცვლილება ხატში ან თავად შეიტანონ, ან ამას ეკლესია გააკეთებს.