იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზა და შემთხვევების აღმავალი მრუდია, თუმცა მსოფლიო ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოში გაცილებით ნაკლები შემთხვევაა. ამის შესახებ ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს H1N1 და H1N3 ტიპის გრიპის ვირუსები.
ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში შემთხვევების რაოდენობა ახლა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ნაკლებია, თუმცა მომდევნო კვირებში მატებაა მოსალოდნელი. მისი თქმით, ამჟამად ცირკულირებს რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი.
„მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებს თუ გადახედავთ, ბოლო მაჩვენებელი არის კალენდარული 51-ე კვირა და გრიპი გახდა დომინანტური ვირუსი. 49-ე კვირას ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი იყო 16%, ახლაა 26%. ზრდა ნამდვილად არის. ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, აციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა, გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონში იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.