უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ სურს აფეთქებების ხმა, რომელიც 29 დეკემბერს უკრაინაში გაისმა, გაიგონოს მთელმა მსოფლიომ და რომ ეს გახდეს სტიმული უკრაინის უწყვეტი დაფინანსებისა და სამხედრო დახმარებისთვის.
ამის შესახებ კულება Twitter (X)-ში წერს.
„დღეს მილიონობით უკრაინელი აფეთქებების ხმამ გააღვიძა. ვისურვებდი, რომ უკრაინაში ამ აფეთქებების ხმა გაიგონოს მთელმა მსოფლიომ. ყველა დიდ დედაქალაქში, შტაბ-ბინებსა და პარლამენტებში, რომლებიც ახლა განიხილავენ უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხს. ყველა რედაქციაში, რომლებიც წერენ „დაღლილობის“ ან თითქოსდა „მოლაპარაკებებისთვის“ რუსეთის მზადყოფნის შესახებ“ - წერს კულება.
მისივე თქმით, ეს ხმები არის ის, რისი თქმაც სინამდვილეში რუსეთს უნდა.
„ჩვენი ერთდერთი, ერთიანი პასუხი უნდა იყოს უკრაინის უწყვეტი, მძლავრი და გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარება. მხოლოდ უფრო დიდ ძალას შეუძლია გააჩუმოს რუსული ტერორი“, - აღნიშნა კულებამ.
დღეს, 29 დეკემბერს, რუსეთმა მასირებული იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. დაღუპული 12 და დაშავებულია 76 მშვიდობიანი მოქალაქე.