ხვალ, 27 დეკემბერს, გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის პარტნიორი კომპანიის - "სალფორდ ჯორჯიას" ერთ-ერთი ხელმძღვანელის გიორგი გიგინეიშვილისა და მასთან ერთად დაკავებული ანდრია აბაშიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ორივე მათგანს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ ბრალი - წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება, ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება.
შეგახსენებთ, რომ გიგინეიშვილი და აბაშიძე სამართალდამცავებმა 2010 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადად მიმდინარე წლის 27 დეკემბერი განსაზღვრა.
ცნობისათვის: "სალფორდ ჯორჯია" დამოუკდებელი კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც ოფისები აქვს ლონდონში, კიევში, ბელგრადში, მოსკოვში,, თბილისში. კომპანიის კლიენტი იყო გარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილიც.
კომპანია გარდაცვლილი ბიზნესმენის ქონების ნაწილს დღესაც მართავს.