კატარში, დოჰას ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საბჭო პარალიზებულია გეოპოლიტიკური განსხვავებების გამო, რაც ძირს უთხრის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, უსაფრთხოების საბჭოს ავტორიტეტი და სანდოობა სერიოზულად დაზიანდა.
გაერო-ს ხელმძღვანელის თქმით, სერიოზული ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ გლობალური ინსტიტუტები უკეთ გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის, ომს ღაზაში.
„ჩვენ არასდროს გვინახავს ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის მსხვერპლი გაერო-ში ჩემი მანდატის განმავლობაში. სიტუაცია სწრაფად უარესდება კატასტროფისკენ, პოტენციურად შეუქცევადი შედეგებით მთლიანად პალესტინელებისთვის და მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის რეგიონში. გპირდებით, არ ვიტყვი უარს ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის მცდელობაზე“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.