რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის სკოპიედან დროზე ადრე გამგზავრება მათი სიმხდალის დემონსტრირებაა.
„როგორც ვხვდები ბლინკენიც და ბორელიც წავიდნენ. რატომ ხდება ეს? ალბათ ფიქრობენ, რომ ამით ხაზს უსვამენ თავიანთ განზრახვას რუსეთის იზოლაციის შესახებ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ მშიშრები არიან, ეშინიათ ფაქტებით ხელში ნებისმიერი გულწრფელი საუბრის“ - განაცხადა ლავროვმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეხვედრა მაკედონიის დედაქალაქში 30 ნოემბერსა 1-ელ დეკემბერს იმართება. ბოლოს ლავროვი მსგავს შეხვედრაში მონაწილეობდა ორი წლის წინ, 2021 წლის დეკემბერში სტოკჰოლმში.