სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურას ქსნის # 15 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გ. ო.-ს და შ. ნ.-ს ახსნა-განმარტებები და გარეგნული დათვალიერების ოქმები გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურორს და რეკომენდაციით მიმართა, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ქსნის # 15 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ასევე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფილ იქნას მსჯავრდებულებისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს მათ სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათი, ხარისხი და ხანდაზმულობა.
მათი თქმით, 21 დეკემბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაბა ქსნის # 15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს გ. ო.-ს და შ. ნ.-ს. მათი განმარტებით, 2010 წლის 16 დეკემბერს გამოაცხადეს შიმშილობა და ამოიკერეს პირი, ვინაიდან არ ეძლეოდათ მედიკამენტები. მსჯავრდებული გ. ო.-ს განმარტებით, მისი შიმშილობის მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინო მომსახურება. იგი აცხადებს, რომ აქვს ვენების ვარიკოზული დაავადება, ჩ-ჰეპატიტი, თავის ტკივილები და ნერვოზი.
პროტესტის ოფიციალურად დასაფიქსირებლად მათ მიმართეს მორიგეს და ცვლის უფროსს, რათა ინფორმაცია მიეწოდებინათ აღნიშნული დაწესებულების სოციალური სამსახურის მუშაკისთვის.
"მსჯავრდებული შ. ნ. განმარტავს, რომ მათთან მივიდა სოციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც არ დააფიქსირა მათი შიმშილობა. ამის გამო მათ შელაპარაკება მოუვიდათ ცვლის უფროსთან, რომელიც ცემით დაემუქრა. მსჯავრდებულთა გადმოცემით, მათ ცემის შეეშინდათ და მიიყენეს თვითდაზიანება, კერძოდ, გადაიჭრეს ხელები. მსჯავრდებულთა გადმოცემით, სამედიცინო დახმარება მათ გაეწიათ 30-40 წუთის შემდეგ, ისიც პატიმარი ექიმის დახმარებით", _ აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მათი განმარტებით, როგორც მსჯავრდებულები აცხადებენ, აღნიშნულის შემდეგ ისინი აიყვანეს დირექტორის ოთახში, სადაც მათ დაემუქრნენ, რომ თუ არ შეწყვეტდნენ შიმშილობას, დაუმატებდნენ სასჯელს და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
"17 დეკემბერს, როდესაც მსჯავრდებულები კვლავ სოციალური სამსახურის თანამშრომელთან შეხვედრას ითხოვდნენ, მათთან მივიდნენ დაწესებულების თანამშრომლები. აღნიშნულმა პირებმა მსჯავრდებულები დირექტორის კაბინეტში წაიყვანეს, სადაც მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულები ასევე აცხადებენ, რომ მათ ძალის გამოყენებით გაუხსნეს ამოკერილი პირი. მსჯავრდებულ შ.ნ.-ს. გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა ორივე ზედა კიდურზე და ზურგზე ექსკორიაციები. ტუჩების არეში ნახვრეტი ჭრილობები. მსჯავრდებულ გ.ო.-ს აღენიშნებოდა ტუჩების არეში ნახვრეტი ჭრილობები, მარცხენა ზედა კიდურზე და შუბლზე ექსკორიაციები, მარცხენა მკლავის იდაყვთან სიყვითლე, ხოლო მაჯის არეში ექსკორიაციები", _ აღნიშნულია სახალხო დამცველი განცხადებაში