შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ლაგოდეხის სამმართველოს უფროსი ლევან გელაშვილი დააკავეს.
გელაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
დაკავებასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელსაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური ექვემდებარება, კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში განუცხადეს, ამ საკითხზე ინფორმაციას დეპარტამენტის პრესსამსახური გაავრცელებს.