ENG / RUS       12+

სულხან ღლონტი: ცვლილებების არ გვეშინია

რესპოდენტის შესახებ

უამრავი უშედეგო აქციისა და რადიკალური ნაბიჯის შემდეგ ოპოზიცია ერთ დასკვნამდე მივიდა - არსებული ხელისუფლების შეცვლა პროცესში ახალგაზრდობის მონაწილეობის გარეშე ვერ მოხდება. სწორედ ამის გამო, ბოლო პერიოდში, პოლიტიკური უმცირესობის თითქმის ყველა ლიდერი ხმამაღლა აცხადებს, რომ "ბოლო ნაბიჯის" დროს გადამწყვეტი სწორედ ცვლილებებისთვის მომავალი თაობის მზადყოფნა გახდება... მიზეზი მათი მხრიდან "ნებისმიერ რისკზე" უყოყმანოდ წასვლაა, რაც ცვლილებებს თან ახლავს ხოლმე და რაც უკვე მომწიფებულ პოლიტიკოსებს უძნელდებათ...


როგორია ცვლილებებთან დაკავშირებით თანამედროვე ახალგაზრდობის განწყობა, მზად არიან თუ არა ისინი იმოქმედონ ნებისმიერი რისკის ფასად და ზოგადად, რაში ხედავენ მომავალი თაობის უმთავრეს პრობლემებს, "ჯი-ეიჩ-ენი" "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის ლიდერს სულხან ღლონტს ესაუბრა...


_ სულხარ, როგორ ფიქრობთ, რა არის თანამედროვე ახალგაზრდობის უმთავრესი პრობლემა?

_ იმ კვლევებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ გვაქს, პრობლემები შეეხება როგორც სოციალურ სფეროს, ასევე ადამიანის უფლებებს. სია საკმაოდ დიდია, დაწყებული გაძვირებული სწავლის საფასურითა და დასაქმების პრობლემით - დამთავრებული ნარკომანიითა და ალკოჰოლიზმით. თუმცა ამ კვლევებში ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ ათი გამოკითხულიდან, შვიდი ფიქრობს, რომ საქართველოს საზღვრებს თუ დატოვებს უკეთესი პერსპექტივები ექნება. ახალგაზრდები მომავალს საკუთარ სამშობლოს არ უკავშირებენ და ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობენ.

_ თქვენი აზრით ამის მიზეზი რა არის?

_ როცა ახალგაზრდები ქვეყანას მასიურად ტოვებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არსებული პრობლემების დაძლევა მათი რესურსებით შეუძლებლად მიაჩნიათ. ამას ემატება ის რთული სოციალური და პოლიტიკური ფონი, რომელშიც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ ცხოვრება. საზოგადოება ამ პრობლემებთან საბრძოლველად უკვე დაიყო - ნაწილი გაერიდა ან აპირებს გაერიდოს, ნაწილი შეეგუა არსებულ რეალობას, ნაწილმა კი გადაწყვიტა არ დანებდეს და შეცვალოს იგი. რაც შეეხება ნარკომანიასა და ალკოჰოლიზმის კატასტროფულ მაჩვენებელს, ეს გამოწვეულია მასიური უიმედობითა და ნიჰილიზმით.

_ რამ გამოიწვია მასიური უიმედობა?

_ იმედგაცრუება მოიტანა ბოლო წლებში მოქალაქეების მარცხმა. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ქონდა ემოციური თანხმობა იმ პროცესებისადმი, რაც 2003 წლის ნოემბერში განვითარდა, მათ შორის, ბუნებრივია, ახალგაზრდებსაც, მაგრამ რევოლუციით "ნაციონალებმა" მიიღეს ხელისუფლება, ხოლო მოქალაქეებმა ავტორიტარიზმი, რომელმაც ჩვენი უფლებების ხარჯზე დაიწყო საკუთარი მანკიერი სისტემის განმტკიცება. პოლიტიკა შევიდა ყველგან. ამით მომავალ თაობას გაუჩნდა უპერსპექტივობის განცდა. რთულია, როცა აცნობიერებ, რომ შენს ქვეყანას მართავს რეჟიმი, რომ არ არსებობს არც ერთი ინსტიტუცია, რომელიც შენი, როგორც მოქალაქის უფლებებს იცავს. ავტორიტარიზმი, როგორც უსამართლო პოლიტიკური სისტემა დიდ რესურსებს მოითხოვს, ამიტომაც ხელისუფლება უკვე გადასულია ადგილობრივი ბიზნესის მასიურ ტერორზე, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების დაკარგვას იწვევს. ეს კიდევ უფრო ამძიმებს მოქალაქეების ყოფას. ასე რომ, 2011 წელი ამ კუთხით უმძიმესი იქნება და კიდევ უფრო მეტი უმუშევარი და შესაბამისად, იმედგაცრუებული გაჩნდება იმ უსამართლო სოციალური პოლიტიკის შედეგების გამო, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს.

_ რამდეჯერმე ახსენეთ უსამართლობა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, რა მიგაჩნია ამ უსამართლობის მიზეზად?

_ მთავარი მიზეზი მაინც არიან ხელისუფლების სათავეში მყოფი უსამართლო ადამიანები, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა მოქალაქეებზეც მოდის, რადგან, როცა შენს ირგვლივ უსამართლობას ხედავ და ეგუები, შენც მისი თანამონაწილე ხარ.

_ "თავისუფალი დემოკრატები" რას აკეთებთ იმისათვის, რომ მოქალაქეების, კერძოდ ახალგაზრდების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს, მხოლოდ საარჩევნო კოდექსზე საუბრით რამდენად დაგიჭერენ მხარს?

_ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ საარჩევნო კოდექსზე, ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესს ვეხმაურებით და სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის გვაქვს გეგმა, როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, უკვე აუტანელი რეალობა. იმისათვის, რომ ეს მოხდეს აუცილებელი პირობაა სამართლიანი არჩევნები. არჩევნების ობიექტურობა, იმდეჯერ არის ნახსენები ჩვენს საზოგადოებაში, რომ უკვე ამ სიტყვებმა მორალური ცვეთა განიცადეს და ვიცით, რომ მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ამ პროცესების მიმართ გულგრილია. მაგრამ უაზრობა იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის არ მოგვეკიდა ხელი იმის გამო, რომ რთულია განსახორციელებლად. დამერწმუნეთ, ეს თემა ახალგაზრდებში პოპულარული ხდება, ჩვენი თაობა აცნობიერებს, რომ შეცვლილი კოდექსი ნიშნავს მეტ შანსს და მეტ პერსპექტივას არსებული შეცვალო არჩევნების გზით და აირჩიო სასურველი ისე, რომ ქვეყანაში არ მოხდეს საზოგადოების პოლარიზება და გაუთავებელი დაპირისპირებები. იმას, რასაც "თავისუფალი დემოკრატები" სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ვაკეთებთ (საარჩევნო კოდექსზე მუშაობას ვგულისხმობ), არის კონკრეტული საქმე, რომელიც საქართველოს მომავალს უფრო უსაფრთხოს გახდის. ჩვენი გზა მისცემს მოქალაქეებს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას იმის გარანტიით, რომ მათი არჩევანი იქნება დაცული.

_ რამდენად არიან დაინტერესებულნი ახალგაზრდები ცვლილებებით?

_ საქართველოში 20 000-ზე მეტი პატიმარია, საქართველოს ათიათასობის მოქალაქეს კი პირობითი სასჯელი აქვს. 1 800 000 სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებია, 250 000 კი ნარკოტიკების მომხმარებელი და ამ უმძიმესი პრობლემების წინაშე ხელისუფლება უძლურია. ერთადერთი რაც მას შეუძლია არის რეპრესიების ეფექტურად გატარება - ეს ყოველივე უნდა შეიცვალოს და ვისაც ცვლილებები არ აშინებს, როგორც წესი, ეს სწორედ ახალგაზრდობაა ყველა ქვეყანაში. ამას აქვს თავისი მიზეზი: ცვლილებები ნიშნავს რისკს და ეს რისკი არ უძნელდებათ ახალგაზრდებს. როცა მმართველი ძალა ვერ აძლევს ახალგაზრდას რეალიზების საშუალებას და უფრო მეტიც, უწესებს პოლიტიკურ ჩარჩოებს, ერევა მის პირად ცხოვრებაში, ბუნებრივია, იგი მიუღებელი ხდება და შესაცვლელი. ხშირად როცა ახალგაზრდები ვიკრიბებით, ცვლილებების აუცილებალობაზე ვთანხმდებით იმისა გამო, რომ თუ არსებული პროპაგანდის პირობებში გაგრძელდა ცხოვრება ქვეყანაში აღარ დარჩება თავისუფლად მოაზროვნე მოქალაქეთა მთელი თაობები. ბიზნესით დაინტერესებულმა მოქალაქემ იცის, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებამ აზრი დაკარგა, პოლიტიკით დაინტერესენულმა მოქალაქემ იცის, რომ თუ ამ არჩევნებზე ისევ იმძლავრებს, "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდა ამომრჩეველზე და მოქალაქეთა ნიჰილიზმი, საქართველოს განვითარების შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს. ეს ხალხი ქვეყნიდან წავა, ისევე როგორც ყველა ავტორიტარტული ქვეყნიდან ხდება ინტელექტისა და ენერგიის გადინება და ქვეყანა რჩება ავტორიტარებს და მათ მხარდამჭერებს. ჯანსაღი ნაწილი მიდის ქვეყნიდან იმის გამო, რომ ისინი არსებულ რეალობაში ვერ ხედავენ ფასეულობებს, რომელსაც ქვეყნის მომავალი უნდა დაეფუძნოს.

_ როგორია ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატების" სტრატეგია?

_ ხელისუფლებამ გვითხრა ყველა ჩვენთაგანს, რომ აპირებს სამუდამოდ დარჩეს სათავეში, ახლა ჯერი ჩვენზეა _ ან შევეგუებით ჩვენს ქვეყანაში ამ რეჟიმს, ან ვცვლით მას დემოკრატიულით. შემდეგ არჩევნებზე მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ არა მხოლოდ სოციალურ პროგრამებს შორის, არამედ პოლიტიკურ მსოფლმხედველობებს შორის. კომუნიზმი, როგორც პოლიტიკური სისტემა დაშლილია, დარჩა პოსტკომუნისტური მენტალიტეტი დასანგრევი, რომელიც გულისხმობს იმას, რამდენიმე კაცი უნდა მართავდეს ქვეყანას საზოგადოების ინტერესების გაუთვალისწინებლად.
მომავალი არჩევნები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ უკვე პოსტკომუნისტურ მენტალიტეტს და შევჯერდეთ ძირითად ფასეულობებზე, რომელსაც ვერცერთი მომავალი ხელისუფალი ვეღარ შეეხება. ახალგაზრდა "თავისუფალი დემოკრატების" სტრატეგია იმ გამოწვევებიდან გამომდინარეობს, რომელზეც მოგახსენეთ, ჩვენი არჩევანი ნათელია, ჩვენ ცვლილებების ავანგარდში ვიქნებით და ეს დრო ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავარწმუნოთ ცვლილებების აუცილებლობაში. ამისთვის გვაქვს უამრავი შეხვედრა საუნივერსიტეტო ქალაქებსა და საქართველოს რეგიონებში, ვხვდებით ახალგაზრდებს, რომელთა დიდი ნაწილი გვიერთდება. ჩვენ გვყავს პოპულარული ლიდერი ირაკლი ალასანია, გვაქვს ცვლილებების ყველაზე რეალური გეგმა და გვაქვს ცვლილებებისთვის საჭირო ენერგია.

_ ნათქვამია "საქმემამ შენმანო...", ის რაზეც თქვენ საუბრობთ, ჯერ კიდევ განსახორციელებელია...

_ ყველაფერ ამის განხორციელება უკვე დაწყებულია და არ დასრულდება მანამ, სანამ საბოლოოდ მიზანი არ იქნება მიღწეული.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლელა ბაღდავაძე

ავტორი: . .