ევროკავშირი შეშფოთებულია ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უერთდება მოწოდებებს საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეჩერებისა და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისკენ, მათ შორის სასაზღვრო გამშვები პუნქტებისა და სპეციალური საზღვაო მარშრუტის გაზრდის გზით, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ უსაფრთხოდ მიაღწიოს ღაზას მოსახლეობამდე.
ბორელის განცხადებით, ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.
ბორელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი იმეორებს მოწოდებას „ჰამასის“ მიმართ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა მძევალი. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიეცეს წვდომა მძევლებთან.
ჯოზეფ ბორელის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი გმობს საავადმყოფოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის „ჰამასის“ მიერ ფარად გამოყენებას.
„მშვიდობიანმა მოქალაქეებმა უნდა დატოვონ საბრძოლო ზონა. საომარი მოქმედებები მძიმედ აისახება საავადმყოფოებზე და საშინელ ზიანს აყენებს სამოქალაქო პირებსა და სამედიცინო პერსონალს. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ადგენს, რომ საავადმყოფოები, სამოქალაქო პირები საავადმყოფოებში უნდა იყვნენ დაცული. ამ კონტექსტში, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.