ქსნის საპყრობილეში ორ მსჯავრდებულს სცემეს.
ამის შესახებ სახალხო ქომაგმა ეკა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა.
მისი თქმით, ქსნის საპყრობილის მსჯავრდებულების გიორგი ოგანეზოვის და შოთა ნიკოლეშვილის ინფორმაციით, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 16 დეკემბერს ისინი სასტიკად სცემეს, რომელთაც მიყენებული აქვთ სხეულის დაზიანება და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს, და უკვე 7 დღეა შიმშილობენ.
პატიმრები ადმინისტრაციისგან სამედიცინო დახმარებას, ექიმის გამოძახებას და იმ უფლებებით სარგებლობას ითხოვდნენ, რომელიც მათ პატიმრობის შესახებ კოდექსით ეკუთვნის.
სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და სახალხო ქომაგი მიიჩნევს, რომ ქსნის საპყრობილეში არსებული ვითარება, პატიმართა მიმართ მოპყრობა ისევ რჩება საგანგაშო და ძალადობისა და სასტიკი დამოკიდებულების ფაქტები არ წყდება.
"ეს დაუსჯელობისა და ძალადობის წახალისების შედეგია. პატიმრებმა განმარტეს, რომ ამ ფაქტის თაობაზე სახალხო დამცველის ოფისიც ინფორმირებულია. ვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას. არა ძალადობის ფაქტების ძალადობით ჩახშობას, არამედ პირველ ყოვლისა ამ პატიმართა მიმართ უსაფრთხოების დაცვასა და მათი უფლებების პატივისცემას, ხოლო მომხდარი ფაქტის გამოძიებას", - ნათქვამია ბესელიას განცხადებაში.
მისივე ინფომაციით, აღნიშნულის შესებ ინფომაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიეწოდება.