საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებული პირებისთვის მხოლოდ 40 ათასი ლარის დაკისრების საპროტესტოდ მომზადებული საკასაციო საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა დავით ჯანდიერმა აცნობა და აქვე განმარტა, რომ უზენაესმა სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.
"ნათელია, რომ მორალური ზიანის ეს მინიმალისტური ანაზღაურება წარმოადგენს რევერანსს იმ გადაწყვეტილების წინ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს გირგვლიანების საქმეზე", - აცხადებს ადვოკატი.
მისივე განმარტებით, "გირგვლიანების ოჯახი მოუთმენლად ელის სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს".
როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2010 წლის 29 აპრილს ზეპირი მოსმენით განიხილა საქმე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ მიუღია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისათვის გასამართლებულ და შემდგომში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ოთხ პირს: გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მხოლოდ 40 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.