უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელში, შესაძლოა, მომავალი კვირის დასაწყისში ჩავიდეს. ამჟამად ორ სახელმწიფოს შორის შესაძლო ვიზიტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ისრაელის მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„ამ ეტაპზე ყველა დეტალი ჯერ შეთანხმებული არ არის, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ისრაელში შესაძლოა ორშაბათს ან სამშაბათს ჩამოვიდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც მედია აღნიშნავს, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ზელენსკიმ ისრაელში ვიზიტის სურვილი გამოთქვა, თუმცა მაშინ ოფიციალურმა იერუსალიმმა განაცხადა, რომ შესაფერისი დრო არ იყო.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ NV-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ უწყება ამჟამად კომენტარს არ აკეთებს პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე. ზელენსკის პრესსპიკერმა, სერგეი ნიკიფოროვმა ასევე განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ზელენსკის განრიგის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.