თურქეთი ისრაელს მსოფლიოს წინაშე ომის დამნაშავედ გამოაცხადებს. ისრაელი 22 დღეა ომის დანაშაულებს სჩადის, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში პალესტინელების მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ მათ წინაშე დგანან იმ ადამიანების „თანამედროვე ვერსიები“, ვინც აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში სომხების და ეგეოსის, მარმარილოსა და შავ ზღვებში ბერძნების პროვოცირებას ახდენდა.
„ჩვენ წავაწყდით მათ ღია ანგარიშებს, ვინც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში პოლიტიკურ, გეოგრაფიულ, სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილებად დაგვყო“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, ისინი, ვინც გუშინ უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის „ნიანგის ცრემლებს“ ღვრიდნენ, დღეს ჩუმად ადევნებენ თვალს ღაზას სექტორში ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს.
„უკრაინაში დაღუპულთა გამო ტირით, მაგრამ ვინ არიან ის ჩვილები, რომლებიც დაიღუპნენ ღაზაში? რატომ დუმხართ?“ - თქვა ერდოღანმა დასავლეთისადმი მიმართვისას.
„მათ, ვინც ათიათასობით კილომეტრით შორიდან მოვიდა და ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, სასტიკად დახოცა მილიონობით ადამიანი, არ სურდათ ჩვენთვის უფლება მოეცათ დაგვეცვა ჩვენი საზღვრები, ჩვენი სამშობლო და ჩვენი მოქალაქეები. ამის მიუხედავად, განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ ყველაფერს ტერორიზმთან ბრძოლაში “, - აღნიშნა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, ღაზას სექტორში სისხლისღვრა მთლიანად დასავლეთის კისერზეა.
„კომედიაა მცდელობა, დაფაროს თავისი მხარდაჭერა ბავშვთა მკვლელების მიმართ ისეთი გამონათქვამების გამოყენებით, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სამართლიანობა. ყველამ იცის, რომ ისრაელი რეგიონში მხოლოდ პაიკია, რომელსაც შეეწირება, როცა შესაფერისი დღე დადგება“, - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის თქმით, დასავლეთს უყვარს ინსტრუმენტების გამოყენება ხელის დასვრის გარეშე, ხან ფულით ყიდულობს მათ, ხან ერთმანეთს უპირისპირებს, უთანხმოებას იწვევს და ხან მათ დანაშაულს ფარავს, როგორც ეს ისრაელის შემთხვევაშია.
„დასავლეთმა მოახდინა თავისი პოლიტიკოსების და მედიის მობილიზება ღაზას სექტორში ბავშვების, ქალების და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის ლეგიტიმაციისთვის, მაშინ როცა ისრაელი ღიად სჩადის ომის დანაშაულს. ისრაელი ზუსტად 22 დღეა სჩადის ომის დანაშაულებს“, - თქვა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა გააფრთხილა ისრაელი, რომ თელ-ავივს მთელი მსოფლიოს წინაშე ომის დამნაშავედ გამოაცხადებს.