უნგრეთს არავინ ავალდებულებს იყოს ევროკავშირის წევრი, ეს თავისუფალი არჩევანია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კონფერენციაზე „ევროპა და მსოფლიო“ განაცხადა.
“უნგრეთმა იცის საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, მახსოვს ბუდაპეშტი 1956 წელს ქუჩებში რუსული ტანკებით. მე 9 წლის ვიყავი... სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ვერანაირ მსგავსებას ბუდაპეშტის საბჭოთა ოკუპაციასა და მასთან რაც ხდება ბერლემონტში {ევროკომისიის შტაბ-ბინა}. მე იქ არ მინახავს არც ერთი ტანკი, არც ერთი იარაღი. ნებისმიერ შემთხვევაში უნგრეთს არავინ ავალდებულებს იყოს ევროკავშირის წევრი, ეს თავისუფალი არჩევანია“, - განაცხადა ბორელმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრეთის 1956 წლის ანტისაბჭოთა რევოლუციის წლისთავის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა: „დღეს ჩნდება რაღაცები, რაც საბჭოთა დროს გვახსენებს. დიახ, ხდება, რომ ისტორია მეორდება. საბედნიეროდ, ის, რაც ოდესღაც ტრაგედია იყო, ახლა საუკეთესო შემთხვევაში კომედიაა. საბედნიეროდ, ბრიუსელი არ არის მოსკოვი. მოსკოვი ტრაგედია იყო, ბრიუსელი, უბრალოდ, თანამედროვე ცუდი პაროდიაა. ჩვენ უნდა გვეცეკვა იმ მელოდიაზე, რომელსაც მოსკოვი უსტვენდა. ბრიუსელიც უსტვენს, მაგრამ ჩვენ ისე ვცეკვავთ, როგორც გვინდა და თუ არ გვინდა, მაშინ არ ვცეკვავთ!“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.