გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ეკონომიკურად, ფინანსურად, ჰუმანიტარული ტვირთით, ასევე იარაღით. ამ მხარდაჭერაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს ის, რაც 7 ოქტომბერს დილის საათებიდან დაიწყო. ჩვენ, რა თქმა უნდა დიდი თანაგრძნობით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ისრაელს და ახლო აღმოსავლეთს“, - თქვა შოლცმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბერლინში გერმანულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმში, შოლცთან ერთად, განაცხადა, რომ კიევი ელის, რომ ბერლინი უახლოეს მომავალში დამატებით 1,4 მილიარდ ევროს გამოყოფს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად
„გერმანია ამზადებს ზამთრის დახმარების პაკეტს უკრაინისთვის 1,4 მილიარდი ევროს ოდენობით, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ჩათვლით“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი "ზამთრის" პაკეტი მოიცავს Patriot-სა და IRIS-T-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებს, ასევე Gepard-ის თვითმავალ დანადგარებს.
ამჟამად გერმანია უკრაინისთვის მეორე უდიდესი იარაღის მიმწოდებელია შეერთებული შტატების შემდეგ.