პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ადამიანი თუ ჩათვლის, რომ მას აქვს რაღაც უფრო ზემიზნები, ვიდრე ეს არის კონსტიტუცია, მას შეუძლია, თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამით საჯაროდ თავი მოიწონოს. როცა ამ მესიჯით ჩადის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში, რას იფიქრებს ის ქვეყანა – რა ვართ ჩვენ, რა წესწყობილება გვაქვს, ასეთ ქვეყანას რა უნდა ევროკავშირში კი არა, საერთოდ რაიმე კავშირში? თავის არსშივე იმდენად არასწორია პრეზიდენტის ქმედება, უკვე რას საუბრობს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობაც აღარ აქვს. რასაც საუბრობს, ამასაც ვხედავთ. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ეროვნული ბანკი „რუსულ გადაწყვეტილებას“ იღებს, როცა სხვა ქვეყანაში ჩავა და იქაური კოლეგები ჰკითხავენ, ნუთუ მართლა „რუსულ გადაწყვეტილებებს“ იღებთო, რას უპასუხებს? „რუსული გადაწყვეტილებებით“ მიგვიღე ევროკავშირშიო თუ არ ვიღებთ და ქართულ საზოგადოებას ვატყუებდითო? ეს არის მთელი პრობლემა. როცა პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, ამის შემდეგ უკვე მისი ქმედებების შედეგიც და შინაარსიც ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისი არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.