საქართველოს პარლამენტმა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამით ფაქტობრივად, აღკვეთილია მოსალოდნელი კრიზისი ეროვნული ბანკის საბჭოში.
„ბანკი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურ რეჟიმში საქმიანობას. გუშინ ვნახეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა ზეწოლას საქართველოს პრეზიდენტზე კანდიდატების გაწვევასთან დაკავშირებით. მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, რომ კანონსა და რეგლამენტში კანდიდატის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. როდესაც პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში, მისი როლი ამ პროცესში უკვე იწურება. შესაბამისად, კანონის სრული დაცვით მოხდა ორი ახალი წევრის გამწესება ეროვნული ბანკის საბჭოში. მოქალაქეებს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. პანიკის საფუძველი არ არსებობს, ეროვნული ბანკი და საბანკო სისტემა ნორმალურ რეჟიმში განაგრძნობენ საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.