ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ჩემი მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში. გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად დგომას და ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ამას კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით ვამტკიცებთ. ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია ევროკავშირიდან, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია, მუშაობს. ამ 15 წლის განმავლობაში, მისია ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში. პირადად მექნება შესაძლებლობა, ჩავიდე სასაზღვრო ზონაში და ადგილზე ვნახო ვითარება და ამ მისიის ოფისსაც ვეწვიო. ასევე მიხარია, რომ იზრდება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში ამ მიმართულებით. თქვენ მხარეს ვართ, რომ თავდაცვის ძალები გაძლიერდეს ქვეყანაში. ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში, ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყოფილი. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამის შესახებ აპრილში და მომდევნო თვეებში განვაცხადებთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი.
„საქართველოს ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი. ჩვენ გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე, გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ. ამისთვის ყველა საჭირო მხარდაჭერას მოგაწვდით“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.