შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი იხილებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის საქმე იმ მომენტში ჩაჩეხილიყო. ახლაც, როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, მთავრობა, კონსოლიდაციის ნაცვლად, დესტრუქციაზე მუშაობს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„საქართველო და ქართველი ხალხი ჯოზეფ ბორელს წელში გამართული ხვდება, რადგან ჩვენ ევროკავშირში გვინდა და აქეთ მივდივართ, საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ კი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით ხვდებიან, რომელიც ევროპაში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ბორელსა და სხვებს შეხვედროდა, საქართველოს იმ საკითხებში დახმარებოდა, რომელიც სტატუსს სჭირდება. შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი იხილებოდა და სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის საქმე იმ მომენტში ჩაჩეხილიყო და ახლაც, როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა კონსოლიდაციაზე მუშაობდეს, დესტრუქციაზე მუშაობს. ასე ხვდებიან ბორელს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბორელს და სხვებს ესმით ქართველი ხალხის სურვილი, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობა გვინდა, ევროპა ამისთვის მზად არის და შუაში ბარიერად აღმართული „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ვერ შეაფერხებს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი იგეგმება.