ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში იმპორტი გასულ წელს 58 პროცენტით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა 75 პროცენტს გადააჭარბა.
ბორელის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მუშაობს.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი დაამტკიცა. ზოგი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს - ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ერთ წელიწადში სანქციებმა მნიშვნელოვნად შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული თუ ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი”, - განაცხადა ბორელმა.
მისი განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება, წინა წელთან შედარებით, 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება – 8%-ით, საცალო ვაჭრობა – 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა – 17%-ით.
ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს, 2019-2021 წლებთან შედარებით, 78%-ით შემცირდა.