აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის ციხეში გამოცხადების შემდეგ დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. დონალდ ტრამპმა ფულტონის ოლქის ციხე უკვე დატოვა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ნიუ ჯერსიდან ატლანტაში გაემგზავრა და ფულტონის ოლქში ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადდა.
ტრამპს ციხეში თითების ანაბეჭდები აუღეს და ფოტო გადაუღეს. შეთანხმების საფუძველზე, ტრამპი 200 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას ასევე ეკრძალება სოციალური მედიის გამოყენება, რათა ვერ განახორციელოს ზეწოლა საქმეში მის 18 თანაბრალდებულზე, ასევე ნებისმიერ მოწმეზე ან 30 დაუსაბუთებელ თანამონაწილეზე.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის აეროპორტში დაბრუნდა, საიდანაც გაფრინდა ნიუ ჯერსის შტატში, სადაც ერთ-ერთ თავის გოლფ-კლუბის ტერიტორიაზე ცხოვრობს. გაფრენამდე აეროპორტში ჟურნალისტებთან მოკლე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სრული უფლება ჰქონდა ეჭვი შეეტანა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში.
„ეს არჩევნები გაყალბდა, ეს მოპარული არჩევნები იყო“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპს ათზე მეტი ბრალი აქვს წაყენებული ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე. ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის ბრალდება წელს უკვე მეოთხედ წაუყენეს.
ფულტონის ოლქის შერიფის ოფისმა ფოტო გაავრცელა, რომელიც ტრამპს ციხეში მისვლის შემდეგ გადაუღეს.