მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის ძალებმა მოსკოვის რეგიონში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. მისივე თქმით, დაშავდა ორი ადამიანი.
რუსი პროპაგანდისტის, ტელერახ RT-ის წამყვანისა და მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მტკიცებით, ერთ-ერთი დრონი მის სახლთან ახლოს ჩავარდა.
„უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ისტრის რაიონში ჩამოაგდეს, ჩვენს მეზობელ ქუჩაზე ჩავარდა, მადლობა ჩვენს საჰაერო თავდაცვას, რომ ყველაფერი მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე დასრულდა“, - წერს სიმონიანი ტელეგრამ-არხზე და ფოტოს აქვეყნებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი რუზსკის რაიონის პოკროვსკოეს დასახლებასთან ჩავარდა, მეორე კი ისტრის რაიონის ტერიტორიაზე.