სტამბოლში ჩავიდა ხომალდი Joseph Schulte, პირველი გემი, რომელიც რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ დატოვების შემდეგ ოდესის პორტიდან გამოვიდა. იუწყება Reuters
აღნიშნულია, რომ პირველმა ხომალდმა, რომელმაც ისარგებლა უკრაინისთვის გახსნილი დროებითი დერეფნით, რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შემდეგ, ბოსფორის სრუტე გადაკვეთა.
ჰონკონგის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი Joseph Schulte, რომელიც რუსეთის მიერ ბლოკირებული ოდესის საზღვაო პორტიდან გამოვიდა, ნავსადგურში 2022 წლის 23 თებერვლის შემდეგ იმყოფებოდა და მას რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო ვერ ტოვებდა.
როგორც ცნობილია, ივლისში რუსეთის ფედერაციამ "მარცვლეულის შეთანხმება" დატოვა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურსათის ექსპორტი რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელდებოდა. კრემლმა განაცხადა, რომ ყველა გემი, რომელიც გაემგზავრებოდა უკრაინის პორტებში, მის სამიზნედ იქნებოდა მიჩნეული. რუსეთმა დაიწყო დარტყმები ოდესის რეგიონზე - პორტებისა და სურსათით სავსე საცავების წინააღმდეგ.
ცოტა ხნის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ფლოტმა გამოაცხადა დროებითი დერეფნის გახსნის შესახებ, რომლითაც სარგებლობა ოდესის პორტებში გაჩერებულ სამოქალაქო გემებს შეუძლიათ.