კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე როცა ვსაუბრობთ, სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოში ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ფარგლებში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 200 სადგურია განთავსებული, თუმცა მიუხედავად ამისა, სპეციალისტების მოსაზრებით, ისეთი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება, როგორიც შოვში მოხდა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
„სახელმწიფომ 2014 წლიდან ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების, მოწყობილობების დაყენებას, რომლებიც ჩვენს სინიპტიკოსებს, შესაბამის სპეციალისტებს ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების საშუალებას აძლევს. ეს ჩვენმა მოსახლეობამ მკაფიოდ უნდა იცოდეს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დღესდღეობით 200 სადგურია, 100 სადგურის დამონტაჟება მიმდინარეობს. როცა ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მინდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდეს და მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისივე განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს არც მონიტორინგის სისტემაზე, არც ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე არ უზრუნია.
„მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც არაერთგზის, არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მედიაში, რომელიც არის „კლიმატის მწვანე ფონდის“ დაფინანსებული პროექტი და ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამის მხრიდან, ითვალისწინებს 100 თემში განგაშის სისტემების განხორციელებას და მოწყობას 2024-2025 წლების განმავლობაში. მოეწყობა ყველაზე ცხელ და წითელ ზონებში, სადაც სხვადასხვა ტიპის სტიქიური პროცესების განვითარებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი. ეს პასუხობს, რომ მასშტაბური დეზინფორმაცია, თითქოს სახელმწიფოს არც მონიტორინგის სისტემაზე უზრუნია, არც ადრეულ გაფრთხილებაზე, ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე უზრუნია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ ვახდენთ დისკრედიტაციას ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არის გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც არის კვლევებზე დაფუძნებული ორგანიზაცია, ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისგან და ექსპერტებისგან შედგენილი, ავრცელებს ყველაზე ობიექტურ, ყველაზე მიუკერძოებელ და საჯარო ინფორმაციას ყველასთვის, ვისაც ეს აინტერესებს“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.