ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე წერია თუ ვინ და როდის დაიწყო ომი, ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც არ აწყობს ეს თარიღი - 7 აგვისტო, – ამის განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავდაცვის მიმართულების მდივანმა, ზაზა გოგავამ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ იმეორებს კრემლის ნარატივს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო.
„არაერთხელ გვქონია საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნება" ზუსტად მიყვება თავისი ყველაზე დიდი მეგობრის და თავისი ყველაზე დიდი გულშემატკივრის, კრემლის, ტერორისტი პუტინის მოსაზრებებს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ განცხადება, როდესაც კეთდება 2008 წლის ომში ბრძოლის ველზე დაცემული გმირების მემორიალთან, ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ამ გმირების და არანაირი სიტყვებით შემდეგ ამის უკან გამოწვევა არ შეიძლება, როდესაც ისინი იძახიან, რომ მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში დაკავებული არიან ბრძოლის ველზე დაცემული გმირების დასაფასებლად. არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ერთი თვეც არ არის გასული რიჟვაძის განცხადებიდან, ისინი უტეხად იმეორებენ ამას და ამას ეძახიან დაფასებას.
ახლა რაც შეეხება ომის დაწყების თარიღს. მოგეხსენებათ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება, იქ შავით თეთრზე წერია თუ ვინ დაიწყო ომი და თუ როდის, მაგრამ ის, რომ ერთადერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე, რომელსაც ეს თარიღი არ აწყობს, რუსეთია და ამიტომაც საქართველოში მათი ქვეშევრდომი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს მოქალაქეებს გზა-კვალი აურიოს, განმეორდეს კრემლის ნარატივი, რომელიც ეხება ომის დაწყებას 8 აგვისტოს. ამაზე მხოლოდ ეს კომენტარი შემიძლია გავაკეთო და ვუთხრა ყველას, რომ საქართველოს მოქალაქეები საკმარისად ბრძენია და ახსოვთ რაც ჩაიდინა 2008 წელს საქართველოში და ვერანაირი ასეთი მოკლე, პროპაგანდისტული, განცხადებებით რუსული ხელისუფლება ვერ გაიტანს საკუთარ ნარატივს,“ - განაცხადა ზაზა გოგავამ.