პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასება აბსოლუტურად ზუსტი იყო. მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რათა საზოგადოებამ და შთამომავლობამ იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.
„რაც შეეხება იმას, რა შეიძლება გაკეთებულიყო ომის თავიდან ასაცილებლად, ამის თაობაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი და ბევრი რამის თქმას მოვერიდეთ, თუმცა შემდგომ ვთქვით ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასება აბსოლუტურად ზუსტი იყო. მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს არა იმისთვის, რომ ჩვენ რაიმე შურისძიება გვამოძრავებს, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ და შთამომავლობამ იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული. სპეკულაციები იმის შესახებ, თუ ვინ რამდენჯერ ახსენებს რუსეთს, მიანიშნებს, რომ ხელმოცარულ ოპოზიციას მეტი სათქმელი არაფერი აქვს. შემიძლია, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების ის ნაწილიც გაჩვენოთ, სადაც ისიც და ყველანი ჩვენ რუსულ ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ და რუსეთზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე ვსაუბრობთ.
მინდა, საზოგადოებას და ხელმოცარულ ოპოზიციას შევახსენო – აბა, გაიხსენონ, გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე რატომ შეარქვეს? – გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე მათ შორის იმიტომ შეარქვეს, რომ მან ფრთხილი პოლიტიკა აირჩია, ქართველმა მეფემ ქვეყანას სისხლისღვრა თავიდან აარიდა, რითაც მოახერხა, რომ ჯერ შიგნიდან გააძლიერა ქვეყანა და შემდეგ გარეშე აგრესორს მიხედა. ეს არის მოცემულობა და არა ის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ჯერ სტრატეგიული ობიექტები მიყიდო და შემდეგ უთხრა, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადოს და რაც შეიძლება ბევრი რუსი ტურისტი შემოვიდეს, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ამბობდეს, რომ ქვეყანას რუსული მთავრობა ჰყავს.
დაუკვირდით, როგორია ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი პარტნიორების განცხადებები, რიტორიკა და როგორი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. მათ ნატო-ს ქოლგა იცავს და პირდაპირ და გადაჭრით ამბობენ, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის სამხედრო კონფლიქტს არ აპირებენ, ზუსტად ეს არის ფრთხილი პოლიტიკა. საქართველოს ნატო-ს ქოლგა არ იცავდა და სააკაშვილი იმ რიტორიკით გამოდიოდა, რითაც გამოდიოდა. თუ ფრთხილი პოლიტიკა ისეთ ქვეყნებს სჭირდება, ვისაც ნატო-ს ქოლგა იცავს, როგორ გგონიათ, ისეთ მოწყვლად ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რუსეთთან მიმართებაში ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა არ სჭირდება?“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.