ევროპული საქართველოს ლიდერებმა და წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის აქტიური ფაზა დაიწყო, თუმცა ეს აგრესია არც მანამდე შეწყვეტილა.
მისი თქმით, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკის სისხლში ჩახშობის შემდეგ, როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, იმ წამიდან მოყოლებული რუსეთი, როგორც ამ ბოროტების იმპერიის მემკვიდრე არ შეგუებია იმას, რომ საქართველომ დაიბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
„ეს აგრესია გრძელდება დღემდე, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს არ სურს იმ ფაქტის მიღება, რომ გვინდა ვიყოთ თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო თავისუფალი ადამიანებით. იმ ადამიანების ხსოვნა, ვინც აქ არიან დაკრძალულნი, ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ამ ადამიანების მსხვერპლმა მისცა შანსი საქართველოს, რომ სახელმწიფოებრიობა შეენარჩუნებინა.
ეს მსხვერპლი რომ არა, შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო სწრაფად და მომხდარიყო იმ მასშტაბის ტრაგედია, რაც მოხდა 1921 წელს, როდესაც თაობები შეეწირა საბჭოთა ჯოჯოხეთში ცხოვრებით ამ ყველაფერს.დღესაც ეს საფრთხე გამქრალი არაა და ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობაა, არ დავუშვათ ის, რომ შემდეგმა თაობებმა ვერ იცხოვრონ თავისუფალ, ღირსეულ, სუვერენულ ქვეყანაში“ - თქვა გიგა ბოკერიამ.