აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონლდ ტრამპს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.
ტრამპი ვაშინგტონის სასამართლოში 3 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.
სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა, რომელიც 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების გამოძიებას ხელმძღვანელობს, ტრამპს ბრალდება ოთხი მუხლით წაუყენა.
ბრალდების თანახმად, დონალდ ტრამპს გადაწყვეტილი ჰქონდა ხელისუფლებაში დარჩენა და ავრცელებდა ტყუილებს, რომ მან მოიგო, რაც არჩევნების ჩაშლას ისახავდა მიზნად. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ არჩევნების დღიდან მალევე ტრამპმა „გამოიყენა უკანონო გზები“ არჩევნების შედეგების დივერსიისთვის.
პროკურორების მტკიცებით, დონალდ ტრამპმა წამოაყენა ცრუ პრეტენზიები, ზეწოლა მოახდინა სახელმწიფო და ფედერალურ ოფიციალურ პირებზე – მათ შორის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსზე – არჩევნების შედეგების შესაცვლელად და საბოლოოდ წაახალისა ძალადობრივი თავდასხმა აშშ-ის კაპიტოლიუმზე, რაც მიზნად ისახავდა აშშ-ის დემოკრატიის შერყევას.
ბრალდებაში დონალდ ტრამპთან ერთად მოხსენიებულია ექვსი თანამოაზრე, რომლებმაც ხელი შეუწყეს ტრამპის ცრუ განცხადებების გავრცელებას არჩევნების გაყალბების შესახებ. მათი ვინაობა დასახელებული არ არის და მათ თანაშეთქმულები უწოდეს.
ტრამპის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არის „კუდიანებზე ნადირობა“ და მათ ნაცისტურ გერმანიას ახსენებთ.
თავად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო კამპანიის ჩაშლას და ხელისუფლებაში დაბრუნებაში ხელის შეშლას.