კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს ხვდებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ან აშშ-ში მაღალ დონეზე, მაგრამ ივანიშვილის რუსული რეჟიმის გამო, ეს ქვეყნები მათთვის ჩაკეტილია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ჩინეთში.
მისი თქმით, თავისუფალ სამყაროში ირაკლი ღარიბაშვილს ფაქტობრივად, ხელს არავინ ართმევს.
„კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრს ხვდებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალ დონეზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ეს ქვეყნები მათთვის ჩაკეტილია, მას პრაქტიკულად ხელს არავინ ართმევს თავისუფალ სამყაროში. რატომ? იმიტომ რომ დღეს საქართველოს პარტნიორი დასავლეთი ხედავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი და მისი მარიონეტები ხელისუფლებაში ღიად პრორუსულ, ანტიუკრაინულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებენ.“- ასე გამოეხმაურა თინა ბოკუჩავა.