საკითხავია, სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით დაძაბულობის შემოტანა ან სალომე ზურაბიშვილს რაში სჭირდება, ან სხვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„რაც სალომე ზურაბიშვილისთვის ახალი ამბავია, ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხანია, მიმდინარეობს და ბიუჯეტიც დათვლილია, თუმცა საერთაშორისო რეგულაციები არსებობს, რომელშიც სოხუმის აეროპორტის საქმიანობა ვერანაირად ვერ ჯდება. ჯერ ყველაფერი ლაპარაკის დონეზეა შენარჩუნებული და დაძაბული ელემენტების შემოტანა ან სალომე ზურაბიშვილს რაში სჭირდება, ან ვინმე სხვას, ეს საკითხავია. ჩვენ სხვა პროვოკაციული განცხადებებიც გვახსოვს, იმავე ბიჭვინთაზე, როცა ბიჭვინთვის დამცველებს სალომე ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა მაშინ, როცა ამას ნამდვილად არათუ არ საჭიროებდნენ, არამედ აფხაზები პროვოკაციად მიიჩნევდნენ. ის ადამიანები, ვინც დგანან და ამ ყველაფერს აპროტესტებენ. ყველაფერი დროებითია, მიმდინარე პროცესები საკმაოდ რთულია და ჩვენ ამ პროცესებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
აფხაზურმა მედიის ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტი 49-წლიანი სარგებლობის ვადით რუსულ მხარეს გადაეცემა.
სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. „კატეგორიულად ვგმობ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.