იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ს ეთერში პოლონელი ექიმების ჯგუფთან სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი ქცევა სრულიად შეუსაბამო იყო როგორც სამართლებრივი, ისე ეთიკური კუთხით და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. შესაბამისად, ექიმების ამ ჯგუფთან თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება. თუმცა, მინისტრის თქმით, ძალაში რჩება სააკაშვილის ოჯახის მიმართ გასული წლის 29 ნოემბერს გაკეთებული შეთავაზება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას.
„ჩვენ, ჩვენის მხრივ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავრჩით ჩვენი პირობის ერთგული და, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს რეკომენდაციით შევუშვით ეს ექიმები მსჯავრდებულ სააკაშვილთან. თუმცა, მათი მხრიდან არ იყო სათანადოდ გადმოდგმული ნაბიჯი. შესაბამისად, რაც შეეხება ამ ექიმის შემდგომ დაშვებას, ვერ იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათი თხოვნა. თუმცა, ჩვენ ვრჩებით ჩვენი პირობის ერთგული, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს, რაც შეეხებოდა მსჯავრდებული სააკაშვილისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მას ჩამოეყვანა საქართველოში მისთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამიერიდან, რა თქმა უნდა, ოჯახს ექნება ისევ იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ უცხოელი ექიმები, თუმცა, ექიმების ამ ჯგუფთან ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი მხრიდან ეს შეთანხმება დაირღვა, და ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ისე სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო. გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც არ შედიოდა ჩვენს ინტერესებში და, სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.