ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, არამედ ჩემი უსამართლო პატიმრობა, ჩემი წამების ყოველი დღე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, სკანდალია აგრეთვე რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და უკრაინისგან განდგომა.
„მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ „პოლონელი ექიმების სკანდალის“ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.
სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.
სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა.
დროა, ბოლო მოეღოს „კაგებეშნიკური“ მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.