ჩემთვის აუხსნელია, არ მაქვს პასუხი პოლონელი ექიმის მიერ მასალის გამოტანის მცდელობაზე, რადგან ნიმუშის აღებას არავინ უკრძალავდათ, ოღონდ ეს უნდა მომხდარიყო კანონიერი გზით, – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ჰქონდა ადგილი ამ სამწუხარო ფაქტს. მათ შემდეგ მოითხოვეს უკვე ოფოციალურად, რაც არალეგალურად აიღეს. მე ვერ გეტყვით იმ ნიმუშების შესახებ. რაც მოითხოვეს, ის ბიოლოგიური მასალა ჩვენ მიერ, პროტოკოლის სრული შესაბამისობით, აღებულ იქნა ორ ეგზემპლარად. ერთი გადაეცა მათ და ერთი დავიტოვეთ ჩვენ. ის აღებული არის ჩვენ გარეშე. პროტოკოლი არსებობს შესაბამისი ამისთვის. როდესაც უნდათ ბიოლოგიური ნიმუშის აღება პაციენტისგან, მათ უნდა ჰქონდეთ მიმართვა, ეს უნდა მოხდეს სხვა პირების, ექიმების თანდასწრებით, რაც არ მომხდარა იმ პირველ შემთხვევაში. არც არავისთვის უთქვამთ ამის შესახებ. მაგრამ შემდეგ, როდესაც უკვე გახმაურდა და გაირკვა, რომ ჰქონდათ არალეგალურად აღებული, ავუხსენით, რომ აუცილებელი იყო ნებართვა, აუცილებელი იყო ყველა წესის დაცვა, რაც შესრულდა.
ჩემთვის აუხსნელია, მართალი გითხრათ, ნამდვილად არ მაქვს პასუხი ამაზე, რადგან არავინ უკრძალავდა. თანხმობა იყო გაცემული. რაც მოითხოვეს, ჩვენ ის ნიმუშები გადავეცით. მათ ბიოლოგიური ნიმუშის აღება, თუ რაიმე აინტერესებდათ, ამის პრობლემა არ ჰქონდათ, ოღონდ ეს უნდა მომხდარიყო კანონიერი გზით“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა.