კოლეგიალური და კეთილგანწყობილი შეხვედრა იყო, - ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტის შესახებ მედიასთან კომენტარისას განაცხადა.
„ჩვენს კლინიკაში ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონელი კოლეგები. ეს იყო ექიმი ნეიროქირურგი და მეორე, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ასევე ტოქსიკოლოგი. ძალიან კმაყოფილი ვარ. ნამდვილად საგნობრივი შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა, ჩატარებული წინა კვლევები. იყო ნამდვილად კოლეგიალური და კეთილგანწყობილი შეხვედრა, განსხვავებით წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონდათ. რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, მე მხოლოდ ზოგადად შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს და სხვა დანარჩენ დეტალებზე ალბათ თვითონ გააკეთებენ განცხადებას“, – განაცხადა ზურაბ ჩახაიძემ.
რაც შეეხება დამატებით კვლევებს, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმები დაეთანხმნენ „ვივამედში“ ჩატარებულ კვლევებს და რეკომენდაციებს.
„დამატებით კვლევებს, რაც ჩვენ ჩატარებული გვაქვს, სრულად დაეთანხმნენ. ის, რაც თვითონ რეკომენდაციის სახით მოგვცეს, ჩვენ ეს რეკომენდაცია გვქონდა პაციენტისთვის, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა იმ კვლევის ჩატარებაზე. თუნდაც ხერხემლის პუნქციის ჩატარება, რომელზეც პაციენტმა არაერთხელ განაცხადა უარი. მათაც ეს შესთავაზეს. სხვა დანარჩენი, მაგალითად კვებასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ყველაფერი იყო ჩვენი საერთო აზრი და საერთო გადაწყვეტილება, რის შესახებაც ისინი ესაუბრნენ პაციენტს“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად მოიმატა წონაში, მისი თქმით, წონაში მატება არ არის სადმე გადაყვანის განმსაზღვრელი.
„რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება. მომატებულია წონაში, ჩვენ ეს ძალიან გვხარებს და, მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც. წონაში მატება არანაირად არ არის განმსაზღვრელი სადმე გადაყვანის. რა თქმა უნდა, საყურადღებოა მისი მდგომარეობა, თუნდაც ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან, თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი თქმით, პაციენტის მხრიდან ექიმების რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით გაუმჯობესება არის, თუმცა ჩხაიძის თქმით, სასურველია, მიხეილ სააკაშვილმა მეტად გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები.