დღეს, 22 ნოემბერს, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის 18 მილიონზე მეტ ამომრჩეველს უფლება აქვს ხმები 21 ათას 400 საარჩევნო უბანზე მისცეს.
საპრეზიდენტო არჩევნებში 12 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის როგორც ექსპერტები აცხადებენ, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსები მოქმედ პრეზიდენტ ტრაიან ბესესკუსს (ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია), ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ მირჩა ჯოვანეს (სოციალ-დემოკრატიული პარტია), კრინ ანტონესკუს (ნაციონალურ-ლიბერალური პარტია) და სორინ ოპრესკუს (დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი) აქვთ.
წინასწარი სოციოლოგიური კვლევებით, მოქმედმა პრეზიდენტმა შესაძლოა ხმების 33 % მოიპოვოს, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, ყოფილმა შს მინისტრმა მირჩა ჯოვანემ 30 %.
იმ შემთხვევაში თუკი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა ხმების 50 %-ზე მეტის დაგროვება, 6 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნენის მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, შესაბამისას, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ.
ექსპერტები ასევე აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების ხმებიც, განსაკუთრებით იტალიასა და ესპანეთში მცხოვრებთა, სადაც ყველაზე მეტი რუმინელი ემიგრანტი ცხოვრობს.
ქვეყანაში პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა. ერთ ადამიანს ამ პოსტის დაკავება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები არის პირველი რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების (2007 წ) შემდეგ.