21 ნოემბერს, 15:00 საათზე, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და კომპანია "ჯეოსელის" მხარდაჭერით საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - "ქართული ქორეოგრაფია".
პირველად საქართველოში ქართული ქორეოგრაფიის ამსახველი უნიკალური მასალა გამოიფინება ხელოვნების სასახლეში, სადაც მისი ნახვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ექსკლუზიური კოსტიუმები, რომლებიც შეკერილია იმდროინდელი საუკეთესო დიზაინერების მიერ (ივ სენ ლორანი, კოკო სანელი, ჯანი ვერსაჩე) და გამოყენებულია ძვირფასი ქვები. აღსანიშნავია რამიშვილის დაღესტნური ოქრო-ვერცხლის ქამარი. სუხიშვილი-რამიშვილის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები. საგამოფენო დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე გავა ფილმი - "მსოფლიო ტაშს უკრავს".
გამოფენილი იქნება ლადო გუდიაშვილის, სოლიკო ვირსალაძის, ირაკლი თოიძის, ირაკლი გამრეკელის ესკიზები და ფერწერული ტილოები ქართული ცეკვებისთვის. ქართული ცეკვის ამსახველი XVI-XVII საუკუნეების ფრესკების ასლები, XIX - XX საუკუნის ფოტომასალა და სხვა უნიკალური ექსპონატი.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა 10 საზოგადო მოღვაწეს დააჯილდოებს. მათ შორის იქნებიან ქ. თბილისის მერი - გიგი უგულავა, სუხიშვილების ანსამბლის გენერალურ დირექტორი - ნინო სუხიშვილი, "ჯეოსელის" გენერალურ დირექტორი - ოსმან თურანი და სხვა ცნობილი პირები.