სომხეთი აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს. ეს განცხადება დღეს სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კრემლში გამართული კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის სხდომაზე გააკეთა.
"აზერბაიჯანის მიერ ახალი სამხედრო ავანტიურის შემთხვევაში სომხეთს სხვა გზა გარდა იმისა, რომ აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა დე-იურედ და მისი მოსახლეობის უსაფრთხოება ნებისმიერი საშუალებით უზრუნველყოს არ ექნება", _ განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.
სარგსიანმა აღნიშნა, რომ ასტანაში გამართულ ეუთოს სამიტზე მიღებულ იქნა ხუთმხრივი განცხადება, მინსკის ჯგუფი თანათავმჯდომარე ქვეყნებისა და სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ.
"მასში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებათა საფუძველზე მშვიდობიანი გზით პრობლემის მოგვარების გზების ძიება უალტერნატივო გადაწყვეტილებაა", _ აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი და დასძენს, რომ სომხეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ პრობლემის მოგვარებას სამხედრო გზით".