იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა, შესაძლოა ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელოს უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, რუსული ძალების დიდი კონცენტრაციის ისეთი ნიშნები არ არსებობს, როგორიც 2022 წლის 24 თებერვალს იყო. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ჯერჯერობით ყველაზე დიდი წარმატება - ეს არის საცდელი შეტევების სერია ფრონტის ხაზზე მობილიზებულთა მონაწილეობით, რამაც გამოიწვია ძალიან მძიმე დანაკარგები.
„დღეისათვის არ არსებობს რუსეთის ფართომასშტაბიანი იერიშის დაწყების მტკიცებულებები. ის, რასაც ვხედავთ - ეს არის ფრონტზე წინსვლა ათასობით სიცოცხლის ფასად“, - თქვა უოლესმა.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის არმია არ აპირებს უარი თქვას „ხორცსაკების“ ტაქტიკაზე და მთელი ძალით ცდილობს შეტევის გაგრძელებას. მისივე თქმით, რუსეთის "დიდი" შეტევა წინ მიიწევს "მეტრებით და არა კილომეტრებით".
უოლესმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები მეტად მტკიცენი არიან, ვიდრე ოდესმე, დაეხმარონ მას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მისივე თქმით, მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება, რასაც კიევი დაჟინებით მოითხოვს, ჯერ კიდევ შორსაა.