ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე EUMAM-ის მისიის ფარგლებში ევროკავშირი 30 000 უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს.
მისი თქმით, ცოტა ხნის წინ უკრაინის დახმარების მე-7 ტრანში დამტკიცდა, რომელიც დამატებით 500 მილიონ ევროს ითვალისწინებს.
"თუ ჩვენ გავაერთიანებთ იმას, რასაც წევრი ქვეყნები აკეთებენ ორმხრივ დონეზე ამ სამთავრობათაშორისო ფონდთან, მაშინ ვფიქრობ, რომ სამხედრო მხარდაჭერამ 12 მილიარდ ევროს მიაღწია. ეს არ არის იმდენი, რამდენიც ამერიკამ გამოყო, მაგრამ ეს აშშ-ის დახმარების 40%-ია", - თქვა ბორელმა.
სასწავლო მისია EUMAM-ის მიზანია მაისისთვის 15 000 უკრაინელი სამხედროს მომზადება. ტრენინგის უმეტესობა ტარდება გერმანიასა და პოლონეთში და სხვა წევრ ქვეყნებში.
"წარმატება იმდენად დიდია, რომ ახლა მიზანია დამატებითი 15 000 სამხედროს გადამზადება წლის ბოლომდე. სულ უკრაინის შეიარაღებული ძალების 30 000 პერსონალი", - აღნიშნა ბორელმა.