გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სამინისტროს 2022 წლის საქმიანობა „პირველი არხის“ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ შეაჯამა.
ოთარ შამუგიამ ყურადღება სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე გაამახვილა.
„ორი დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანგარიში წარუდგინა საზოგადოებას და ისაუბრა ქვეყანაში არაერთი მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან შედეგებსა და მიღწევებზე, ასევე, იმ მასშტაბურ გეგმებზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ განვახორციელოთ. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც გვაქვს და ბოლო ორი წელია ვინარჩუნებთ, გვაძლევს საშუალებას, განვახორციელოთ ახალი პროექტები, რომელიც მეტი კეთილდღეობის მომტანი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა და გარემოზე ზრუნვა, გარემოს დაცვა”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წლიდან, ხელისუფლებამ პრიორიტეტად გამოაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარება და, ეტაპობრივად, დაიწყო შესაბამისი პროექტების განხორციელება.
„ამ პროექტების მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი ფერმერების ხელშეწყობა, მეწარმეებისთვის ფინანსებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობაა. ასევე ის, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონოდეთ, დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გააშენონ ახალი ბაღები, შეიძინონ ახალი ტექნიკა და ასე შემდეგ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ყურადღება პირველადი წარმოების მიმართულებით დღეს არსებულ შედეგებზე გაამახვილა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, პირველადი წარმოების ნაწილში გამოშვება, ბოლო 10 წლის განმავლობაში, თითქმის 80 - 85 %-ით არის გაზრდილი. შარშანდელი მონაცემებიდან, 3 მილიარდ 600 მილიონიდან, დაახლოებით, 6.5 მილიარდზე ავედით; გადამუშავებული პროდუქციის ნაწილში კი, 4 მილიარდიდან, დაახლოებით, 7.3 მილიარდ ლარამდე. წელს, 9 თვის მონაცემებით, პირველადი წარმოების ნაწილში, ჩვენ გვაქვს 5.5 მილიარდი ლარი გამოშვება და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 13-14 %-იანი ზრდაა. წლის ბოლომდე, ვფიქრობ, უფრო გაუმჯობესებული მაჩვენებელი გვექნება. აქვე, შევეხები ექსპორტის მონაცემებს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით, 125-130%-იანი ზრდა გვაქვს და წელს, ვფიქრობ, რომ პირველად, დაახლოებით, 1.3 მილიარდ დოლარიანი ექსპორტის მაჩვენებელი გვექნება“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.