გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ახალი ინიციატივა, რომელიც გზებზე მანქანების გამონაბოლქვის კონტროლსა და მავნე ნივთიერებათა გადაჭარბების შემთხვევაში საჯარიმო სანქციების დაწესებას გულისხმობს, ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით უმნიშვნელოვანესია.
„ცვლილებების მიზანია სატრანსპორტო სექტორიდან მაქსიმალურად შევამციროთ ჰაერის დაბინძურება. კანონპროექტი, რომელიც სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „ჩემი ქალაქი მკლავს“ ერთად მოამზადა და რომელსაც მთავრობამ მხარი დაუჭირა, 2023 წლიდან ამოქმედდება. კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლს, საწყის ეტაპზე, ქვეყნის დიდ ქალაქებში განახორციელებენ.
დეპარტამენტის თანამშრომლებს უფლება ექნებათ, გზებზე პატრულირების დროს, თუკი შეამჩნევენ ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან მუქი ფერის, ე.წ. ხილულ გამონაბოლქვს, გაზომონ მისი შემადგენლობა, დაადგინონ, რამდენად აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების გადაჭარბებაზე შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს: ფიზიკური პირის შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმები სამმაგდება. სამწუხაროდ, ქალაქებში დღემდე მოძრაობენ ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები რამდენჯერმე აღემატება დადგენილ ნორმებს. ასეთი მანქანები, ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლები არიან. აღარაფერს ვამბობ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის აუცილებლობაზე.
ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ნაწილში გავატაროთ კონკრეტული ზომები და, მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ტექნიკური დათვალიერების სისტემის პრაქტიკაში ეფექტიან აღსრულებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.