„20 ნოემბერს ჩვენ ფერმერის დღეს აღვნიშნავთ. პირველ რიგში, ძვირფასო ფერმერებო, მინდა თქვენ მოგილოცოთ ეს დღე და შემდეგ ყველას, ვისაც აგრარული დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ფერმერის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
„ფერმერის დღის აღნიშვნა 2015 წლიდან დავიწყეთ; გვერდში ფერმერთა ასოციაცია გვიდგას, მათი უშუალო ჩართულობით, მათი ორგანიზებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ტარდება. დილიდან, ჩვენი მეწარმეების და ფერმერების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გვქონდა ექსპოჯორჯიაში; ახლა იმართება საღამო, სადაც დავაჯილდოებთ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულ ჩვენს წარმატებულ ფერმერებს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება იმ ფაქტის, რომ ვაფასებთ მათ შრომას, რაც თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო ფერმერთა მხარდაჭერისთვის ახორციელებს.
„ჩვენ, ბოლო წლებია, გვაქვს სტაბილურად მნიშვნელოვანი ზრდა როგორც პირველადი, ისე გადამმუშავებელი წარმოების კუთხით, ზრდა გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლებში. ასე გავაგრძელებთ წელსაც და უკეთესი მაჩვენებლები გვექნება. რა თქმა უნდა, ეს შედეგები ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, თუმცა პირველ რიგში ხართ თქვენ, თქვენი შრომა არის ფასდაუდებელი...
ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს იმისათვის, რომ ქართული აგროპროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი, ფერმერებმა აწარმოოთ უფრო მეტი პროდუქცია და მეტად განვითარდეთ.
დღეს მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია სასურსათო უსაფრთხოება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე კონფერენციას დავესწარი, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან ერთად ვიმსჯელეთ ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ამ კუთხით დღეს არსებობს. დღეს ყველაზე მწვავედ დგას სურსათით მომარაგების საკითხი. მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ უფრო მეტი პროდუქცია, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.