შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრარული დარგის განვითრების ხელშეწყობისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს და პროგრამას ახორციელებს. ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა მიზნად ისახავს ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი და წარმოების დინამიკა იყოს სტაბილურად მზარდი. აღნიშნულის პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით.
ოთარ შამუგიამ რეგიონში არსებული ვითარების სასურსათო უსაფრთხოებაზე ზეგავლენის საკითხებზეც ისაუბრა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აქტიური თანამშრომლობისთვის და ყველა იმ პროექტისთვის, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ქართული კონკურენტუნარიანი პროდუქციის შესაქმნელად.
„აქტიურად გავაგრძელებთ პარტნიორებთან თანამშრომლობას, რომ აგრარულ დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ცოდნის გაღრმავება მოხდეს, რაც ევროპულ ბაზარზე კონკურენტუნარიან ქართულ აგროსასურსათო პროდუქტის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანს - ევროინტეგრაციისკენ გზას წარმატებით გავივლით”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პოლიტიკურ წარმომადგენელმა ევროპისა და აზიის საკითხებში, მარკ სიმაკოვსკიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ USAID-ისთვის მნიშვნელოვანია ის მიმდინარე პროექტები, რომელიც საქართველოში სოფლის განვითარებას და ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება და, ამავდროულად, ცნობილია ის გამოწვევები, რის წინაშეც საქართველო დგას, მათ შორის, რეგიონში არსებული სიტუაცია და ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება. მარკ სიმაკოვსკიმ მსოფლოში არსებული სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის დასაძლევად კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. USAID-ის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ USAID გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერას და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პოლიტიკურ წარმომადგენელთან ევროპისა და აზიის საკითხებში მარკ სიმაკოვსკისთან ოთარ შამუგიას შეხვედრა რომში გამართული მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიის ფარგლებში შედგა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე.