დედოფალ ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. დაკრძალვის თარიღი ცოტა ხნის წინ ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა.
19 სექტემბერი ინგლისში, უელსში, სკოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უქმე დღედ გამოცხადდება.
მონარქის დაკრძალვას მსოფლიოს ლიდერები, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრებიან.
დაკრძალვის ცერემონია 19 სექტემბერს დილით ვესტმინსტერის სააბატოში დაიწყება. შუადღისას დედოფლის ნეშტს უინძორის ციხე-სიმაგრეში გადაასვენებენ, სადაც წმინდა გიორგის სამლოცველოში, მეუღლის, მშობლებისა და დის გვერდით დაკრძალავენ.
ამჟამად, დედოფლის ნეშტი შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეშია. კვირას, 11 სექტემბერს მას ედინბურგში, ჰოლირუდის სასახლეში გადაასვენებენ, სადაც 12 სექტემბრამდე დარჩება.
13 სექტემბერს ელისაბედ მეორის ცხედარს ლონდონში გადაასვენებენ, სამეფო ოჯახის წევრები მას ბუკინგემის სასახლეში გამოემშვიდობებიან.
14 სექტემბრიდან კი დედოფალს ვესტმინსტერის სააბატოში დაასვენებენ, სადაც მოსახლეობას მასთან გამოსამშვიდობებლად მისვლა შეეძლება.
დედოფალი ელისაბედ II 8 სექტემბერს შოტლანდიაში, ბალმორალის ციხესიმაგრეში გარდაიცვალა. ის 96 წლის იყო.