საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველო არ არის რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული.
ნარმანიასთ თქმით, საქართველო არ არის რუსეთზე დამოკიდებული არც ელექტროენერგიის, არც ბუნებრივი აირის ნაწილში.
"ხშირად ხდება მანიპულირების საგანი, რომ საქართველო ენერგეტიკულად რუსეთზეა დამოკიდებული, რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ ვართ.
ხაზს ვუსვამ, რომ ის, თუ საიდან შემოაქვს ქვეყანას ელექტროენერგია კონკრეტული თვის განმავლობაში, დამოკიდებულია იმაზე, რომელი ქვეყანა უფრო იაფ ფასს შესთავაზებს.
როგორც წესი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხდება ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში და ხან ერთი ქვეყნიდან, ხან მეორე ქვეყნიდან, გააჩნია რომელ ქვეყანას რა პერიოდში, რა ფასის შეთავაზება შეუძლია. სახელმწიფო ელექტროსისტემა აკეთებს ფასთა გამოთხოვას და აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე კონკრეტული ხაზების გამტარუნარიანობის შესაძლებლობების ფარგლებში შემოაქვს ელექტროენერგია. ამდენად ჩვენ რუსეთზე ენერგო დამოკიდებული არ ვართ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, როგორც ელექტროენერგიის ასევე ბუნებრივი გაზის ნაწილში", – განაცხადა ნარმანიამ.