ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმია სამხედრო წვრთნებს მართავს ტაივანის სრუტეში, ფუძიანის პროვინციაში, პინგტანგის კუნძულის სიახლოვეს.
სააგეტო Xinhua-ს ცნობით, სამხედრო წვრთნები საცეცხლე გასროლებით მიმდინარეობს, რის გამოც ტერიტორიაზე ხომალდებს შესვლა ეკრძალებათ.
ამავდროულად, ჩინეთი სამხედრო წვრთნებს მართავს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოთხ რაიონში, გუანგდონგისა და ჰაინანის პროვინციების აკვატორიაში.
სამხედრო წვრთნები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის აზიური ტურის ფონზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პელოსი იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, მალაიზიასა და სინგაპურში ჩავა. ჯერჯერობით უცნობია ეწვევა თუ არა პელოსი ტაივანს.
ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 28 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააფრთხილა პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის გამო. "ცეცხლს ვინც ეთამაშება, თავს დაიწვავს", - უთხრა ძინპინმა ბაიდენს.
მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტს, "მკაცრი პასუხები მოჰყვება".
როგორც იუწყებიან, პენტაგონს უკვე აქვს შემუშავებული გეგმა, რომელიც პელოსის ტაივანზე ვიზიტის შემთხვევაში, ამერიკელი მაღალჩინოსნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ფოტო: საარქივო ფოტო