საქართველოს ეროვნული მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების სხვისთვის გადაცემაზე.
„ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე. წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა“, - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.