ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსადრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ რუსეთი, უკრაინა და დასავლეთი უნდა შეთანხმდნენ უკრაინაში ომის დასრულებაზე, რათა თავიდან აიცილონ "ბირთვული ომის უფსკრული".
"ჩვენ უნდა გავჩერდეთ, მივიდეთ შეთანხმებამდე, დავასრულოთ ეს უწესრიგობა, ოპერაციები და ომი უკრაინაში", - განაცხადა ლუკაშენკამ სააგენტო AFP-თან ინტერვიუში.
"მოდით გავჩერდეთ, შემდეგ კი გავარკვიოთ როგორ ვიცხოვროთ შემდეგში... არ არის საჭირო უფრო შორს წასვლა, უფრო შორს არის ბირთვული ომის უფსკრული - არ არის საჭირო იქ წასვლა", - თქვა ლუკაშენკამ.
მან დასავლეთი უკრაინას ომის პროვიცირებასა და რუსეთთან კონფლიქტში დაადანაშაულა. "თქვენ [დასავლეთმა] გააჩაღეთ ომი და აგრძელებთ მას", - თქვა მან.
ამასთან, ლუკაშენკას მიაჩნია, რომ "ახლა მომენტის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ ეს ომი უკრაინისთვის უფრო მისაღები პირობებით შეიძლება დასრულდეს. მაგრამ უკრაინას არავინ მისცემს ომის დასრულების უფლებას".
მან უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
"უკრაინა უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და შეთანხმდეს, რომ რუსეთს აღარასდროს დაემუქრება", - თქვა მან. ლუკაშენკამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა უნდა შეურიგდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას. მისი აზრით, ახლა ეს უკვე "არ განიხილება", რადგან ამის შესახებ "თებერვალში ან მარტში უნდა ესაუბრათ".